“ის, რაც პრეზიდენტ პუტინთან განვიხილეთ, მომავალ თაობებს ხელშესახებ სარგებელს მოუტანს” – ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილებოდა.

ამის შესახებ მან Apsnypress-თან საუბარში თქვა.

„ამ კუთხით, ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი, რომ რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. განსაკუთრებით ხაზგასმული იყო სიახლოვე ბევრ საკითხში. ვისაუბრეთ ინტეგრაციულ პროცესებზე, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია იწყებს, ამ პროცესებში აფხაზეთის მონაწილეობაზე, სამომავლოდ, საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე. ეს ყველაფერი დადებითად იქნა მიღებული, ამაზე დღე და ღამე უნდა ვიმუშაოთ“, – აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსული ინვესტიციების თემა.

„ვისაუბრეთ რუსული ინვესტიციების აუცილებლობასა და პოზიტიურ ეფექტზე, უამრავ სხვა საკითხზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების სრულიად განსხვავებულ სტანდარტს, სრულიად განსხვავებულ ეკონომიკას, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვაგვაროთ ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პრობლემები. ის, რაც პრეზიდენტ პუტინთან განვიხილეთ, თუ ჩვენ შევძლებთ მის განხორციელებას, მომავალ თაობებს ხელშესახებ სარგებელს მოუტანს, გააძლიერებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, გახდის ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს და კომფორტულს საცხოვრებლად და გადაჭრის უამრავ სოციალურ პრობლემას”, – თქვა ბჟანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები