გივი მიქანაძე ლატვიის ელჩს შეხვდა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტე მედნეს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობასა და ურთიერთობის გაღრმავების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
გივი მიქანაძემ ელჩთან შეხვედრისას მიმოიხილა მიმდინარე წლის სექტემბერში ლატვიაში ვიზიტის შედეგები და განსაკუთრებული აქცენტი ლატვიის სეიმის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტთან თანამშრომლობის შესაძლო ფორმატზე გააკეთა. კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა ინიციატივა საქართველოსა და ლატვიის საკანონმდებლო ორგანოების განათლებისა და მეცნიერების სფეროში შესაბამისი კომიტეტების ერთობლივი სხდომის ჩატარებასთან და ერთობლივი კომუნიკეს შემუშავებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე გამოთქმულ ინიციატივების განხორციელების თაობაზე ლატვიის ელჩმა სრული მზადყოფნა გამოხატა.