ირაკლი კობახიძე: პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები

პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში ამ პროცესზე, როგორც არიან დღეს მისი წარმომადგენლები. ვხედავთ, რომ ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, უწევთ აბსურდის მტკიცება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის მიუღებელი იყო ამ მდგომარეობაში ყოფნა და სწორედ ამიტომ არ ჩავიდა ბათუმში.

„ამ პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები. ვხედავთ, რომ ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. აბსურდის მტკიცება უწევთ. ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა, შესაბამისად შევდივარ მათ მდგომარეობაში. პრეზიდენტი თვითონ, რომ ჩამოსულიყო ბუნებრივია თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და, სწორედ, ამიტომ არ ჩამოვიდა“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დღეს, 12:00 საათიდან მიმდინარეობდა. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს.

თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საკითხის განხილვას ხვალ გააგრძელებს. პროცესი 11:00 საათზე განახლდება.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები