მამუკა მდინარაძე: ჩვენი მეგობრებისგან ვითხოვთ განმარტებებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა თეთრით შავზე საუბარი
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ამერიკის საელჩოს პოზიციას გამოეხმაურა.
„ჩვენ არ ვუპირისპირდებით ჩვენს მეგობრებს. პირიქით, ჩვენ მათ ვეუბნებით, რაც არის სიმართლე და სასურველია, რომ რაც შეიძლება შემცირებული იყოს ასეთი ჯგუფების თუ დიდი სხვადასხვა ძალის გავლენა მათ გადაწყვეტილებებზე. ჩვენი მეგობრებისგან ვითხოვთ განმარტებებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა თეთრით შავზე საუბარი. როდესაც გვეუბნებიან, რომ საუბარი იყო ბავშვთა ონკოლოგიაზე და ხანდაზმულების უფლებების ადვოკატირებაზე და ადამიანები რევოლუციურ გამოცდილებებს უზიარებენ შეკრებილ ადამიანებს და ატრენინგებენ ძალადობრივ რევოლუციებში, მაშინ კითხვაც არ უნდა დავსვათ? ვერ უნდა გავბედოთ? ასეთი დამოკიდებულება არავის მიმართ გვექნება. მით უმეტეს, მეგობრების მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნები ვართ ასეთ საკითხებთან მიმართებით“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და „მტკიცებულებების ნაწილი“ გაასაჯაროვა. აღნიშნულს აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა და განცხადებაში აღნიშნა, რომ ორ წელზე მეტია, USAID-ი თანამშრომლობს CANVAS-თან, რომ დაეხმაროს ადამიანებს ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რომელიც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. საელჩოს ინფორმაციით, CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.