სომხეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება მოხდინა.
პარტია “სამოქალაქო ხელშეკრულების” დეპუტატმა ედუარდ აგაჟანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერევანისთვის მოსკოვის პოზიცია ცნობილია, მაგრამ იხელმძღვანელებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებით, რადგან სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა.
„არ არსებობს საფუძველი მტკიცების, რომ თუ დოკუმენტი დამტკიცდება, რუსეთის მხრიდან გარკვეული ქმედებები იქნება, მაგრამ თუ ამას გააკეთებენ, სომხეთის ხელისუფლება რეაგირებას მოახდენს“, – განაცხადა აგაჟანიანმა.
ცნობისთვის, 24 მარტს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რომის სტატუტთან სომხეთის შეერთება, ქვეყნის ძირითად კანონს შეესაბამება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და ამოქმედდება გამოქვეყნების მომენტიდან.
სომხეთმა რომის სტატუტს ჯერ კიდევ 1998 წელს მოაწერა ხელი, მაგრამ ამ დრომდე მისი რატიფიცირება არ მოუხდენია.
17 მარტს ICC-მ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და პრეზიდენტის ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა.
რომის სტატუტის რატიფიცირების პირობებში, სომხეთის სამართალდამცავებს მოუწევთ რუსეთის პრეზიდენტის დაკავება, თუ ის სომხეთის ტერიტორიაზე მოხვდება.