მთიან ყარაბაღში რუსულ-აზერბაიჯანულ პატრულს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა. უცნობმა პირმა სნაიპერული იარაღით ესროლა რუსულ-აზერბაიჯანულ პატრულს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
2 ოქტომბრის მდგომარეობით, ჩაბარებულ იქნა 76 ერთეული ჯავშანტექნიკა, 92 ერთეული საავტომობილო მანქანა, 111 ერთეული საჰაერო თავდაცვის ტექნიკა, 95 ერთეული საველე საარტილერიო იარაღი, ზალპური ცეცხლის სისტემები და ნაღმმტყორცნელი, 6.3 ათასზე მეტი ერთეული ცეცხლსასროლი და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, დაახლოებით 14.4 მილიონი საბრძოლო მასალა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ყარაბაღის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემას რუსი სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ.