საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ იოსებ ბაღათურია დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, 2023 წლის 29 სექტემბრის ბრძანებით, იოსებ ბაღათურია დაინიშნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილედ. მანამდე ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლის 24 მარტიდან იკავებდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, იოსებ ბაღათურიას საკურატორო სფეროებად კვლავ დარჩება სამართლებრივი მიმართულება, სპორტული ფედერაციები და სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს ბატონ იოსებს ახალ პოზიციაზე დანიშვნას და წარმატებებს უსურვებს.
იოსებ ბაღათურია
2000-2008 წლების განმავლობაში საქმიანობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სისტემაში გამომძიებლისა და პროკურორის თანამდებობებზე.
2008 წლიდან დაინიშნა მოსამართლედ და 2014 წლამდე სამოსამართლეო უფლებამოსილებას ახორციელებდა საქართველოს სხვადასხვა რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში.
2014 წელს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარედ; 2015 წელს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ.
2018 წელს იოსებ ბაღათურიას სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი.
2013-2014 წლებში მონაწილეობდა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოსა და სისხლის სამართლის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფში.
2014-2019 წლებში იყო კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები