პედაგოგი, ჩელისტი რევაზ მაჩაბელი გარდაიცვალა
გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, პედაგოგი, ჩელისტი რევაზ მაჩაბელი. ინფორმაციას სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.
რევაზ მაჩაბელმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს, საორკესტრო სიმებიანი მიმართულება – ჩელო.
1970-1979 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მუსიკოსი; 1980 წლიდან – საქართველოს რადიოკომიტეტის კვარტეტის წევრი;
1993 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში; 1993-1996წწ. საქტელერადიო კვარტეტი გადავიდა საფრანგეთში და იქ განაგრძო ფუნქციონირება სახელით „სიმებიანი კვარტეტი თბილისიდან”.
1996 წლიდან ეწეოდა სოლო და კამერული შემადგენლობით საკონცერტო მოღვაწეობას, ასევე ამავე წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ჩელოს პედაგოგი ჟერარმერის (საფრანგეთი) რეგიონალურ კონსერვატორიაში.