„ოპერის ოქროს ხმის“ კვირეულის მონაწილეებმა გალაკონცერტი გამართეს
ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართა „ოპერის ოქროს ხმის“ ვოკალის აკადემიის კვირეულის მონაწილეთა გალაკონცერტი, ერევნის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის ორკესტრის თანხლებით. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დამწყები და უფროსი თაობის ვოკალისტები.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით< პერის ოქროს ხმის“ კვირეული გაიხსნა 21 სექტემბერს და დაიხურება 1 ოქტომბერს საზეიმო გალაკონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რეგიონის სამი წარმატებული ტენორი – მიხეილ შეშაბერიძე, ერდემ ერდოღანი და ლიპარიტ ავეტისიანი.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ მენტორები – მსოფლიოში ცნობილი მომღერლები: რობერტო სკანდიუცი, ვესელინა კაზაროვა და ბოჟიდარ ნიკოლოვი. მათ ერთი კვირის განმავლობაში ჩაატარეს მასტერკლასები. 29-30 სექტემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში საქართველოში პირველად მსოფლიოს წამყვანი სააგენტოებისა და თეატრების წარმომადგენლებმა, პროდიუსერებმა მოუსმინეს ახალგაზრდა ვოკალისტებს.
„ოპერის ოქროს ხმის“ ვოკალის აკადემიის კვირეული იმართება საერთაშორისო ფესტივალ „ბათუმის რაფსოდიის“ ფარგლებში.
ინფორმაციისთვის: „ოპერის ოქროს ხმა“ ფესტივალ „ბათუმის რაფსოდიის“ ფარგლებში პირველად 2022 წელს ჩატარდა. მისი ორგანიზატორია ცნობილი სოპრანო თამარ ივერი. მისმა ინიცირებულმა პროექტმა გაიმარჯვა კულტურის სამინისტროს კონკურსში – „საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური და საბალეტო ფესტივალების ხელშეწყობა“. კონკურსის მიზანი იყო პროფესიული მუსიკისა და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; ფილარმონიული და სასცენო-მუსიკალური შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება; საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა და საშემსრულებლო ანსამბლების პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა.