აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჰიკმეტ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არ აიძულებს ეთნიკურ სომხებს, დატოვონ ყარაბაღის რეგიონი და პირიქით, ბაქო მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიას იძლევა.
ამის შესახებ მან კანადურ ტელეარხ CBC-თან ინტერვიუში თქვა.
მისი თქმით, აზერბაიჯანს აქვს ყოვლისმომცველი გეგმა ეთნიკური სომხებისთვის უსაფრთხო და უკეთესი ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად.
ამასთან, პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, რომ იმ სომხებს, რომლებსაც დარჩენის ეშინიათ, ტერიტორიის დატოვება თავისუფლად შეუძლიათ.
”ჩვენ გვსურს, რომ ისინი დარჩნენ. აზერბაიჯანი აგრძელებს ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისადმი მიმართვას, რომ მათი უსაფრთხოება გარანტირებულია. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვერ შევაჩერებთ გადაადგილების თავისუფლებას. ეს არის ყველას სუვერენული და ინდივიდუალური არჩევანი“, – განაცხადა ჰაჯიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის მთავრობის ხედვაა – უზრუნველყოს აზერბაიჯანელების და სომხების ღირსეული გვერდიგვერდ ცხოვრება, კეთილდღეობასა და ურთიერთპატივისცემაში.
ჰაჯიევმა თქვა, რომ სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ბრალდება „ეთნიკური წმენდის“ შესახებ „შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია“.
„აზერბაიჯანი არ იყენებს და არასოდეს გამოიყენებს ეთნიკურ წმენდას და ადგილზე, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება არ ხდება”, – თქვა მან.