ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინა ალიანსში გაწევრიანებასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე.
ამის შესახებ მან კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმორ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე თქვა.
სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის მხარდაჭერა მზარდია, ხოლო რუსეთის ფედერაციის ქმედებების მხარდაჭერა მცირდება.
მისი თქმით, უკრაინელები ოჯახებისა და მომავლისთვის იბრძვიან, მოსკოვი კი იმპერიული ილუზიებისთვის.
“ივლისის ვილნიუსის სამიტის შემდეგ, ჩვენ ყველა შევთანხმდით, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანდებოდა და სამი ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს”, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, პირველი იყო – უკრაინის ნატოსკენ გზის შემცირება “მაპ”-ის მოთხოვნის გაუქმებით; მეორე, არის შეთანხმება პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულად თავსებადი გახდება ნატოს წევრი ქვეყნების ჯარებთან, და მესამე, ნატოსა და უკრაინას შორის პოლიტიკური კავშირების გაძლიერება უპრეცედენტო დონეზე, საუბარია უკრაინა-ნატოს კომისიის შექმნაზე.
“ეს სამი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უკრაინა ახლა უფრო ახლოს არის ნატოსთან, ვიდრე ოდესმე, უკრაინის მომავალი ნატოშია. ჩვენ ვმუშაობთ ამისთვის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან დასძინა, რომ ალიანსის წევრები გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად.
მისივე თქმით, ნატოს წევრმა ქვეყნებმა 100 მილიარდი ევროს ხარჯი გაინაწილეს, რომლის ნახევარი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის.
“ნატო მრავალი წლის განმავლობაში ახორციელებს ერთობლივ მარაგებს. დღეს შემიძლია, დავადასტურო, რომ ალიანსს აქვს 2,4 მილიარდი ევროს ღირებულების ჩარჩო კონტრაქტები ძირითადი საბრძოლო მასალისთვის… ეს მოიცავს 155 მმ საარტილერიო საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს და სატანკო საბრძოლო მასალას,” – თქვა სტოლტენბერგმა.