დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში მოისმინა და ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილა.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ სხდომაზე განაცხადა, 2021-2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რამაც შესაძლებელი გახადა გაზრდილიყო ბიუჯეტის შემოსავლები და განხორციელებულიყო ცვლილებები მიმდინარე ბიუჯეტში.

„ჩვენ შევძელით, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ბიუჯეტის დეფიციტი 9,3%-დან 3,1%-მდე შეგვემცირებინა. ასევე ვალის მოცულობა 60%-ზე მაღალი ნიშნულიდან 40%-ზე დაბალ ნიშნულამდე შემცირდა”, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, წარმოდგენილი 6 თვის შესრულების ანალიზით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7,7%-ით გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა. 10 % – ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც საშემოსავლო, ასევე სხვა გადასახადები გადაჭარბებით არის შესრულებული.

„ეს გვაძლევს გეგმების ზრდის შესაძლებლობას. კერძოდ, 6 თვის შესრულების მაღალი ტენდენციების გაანალიზების შედეგად მიღებულია გადაწყვეტილებები დამატებით გამოიყოს საფინანსო რესურსი და გადანაწილდეს იმ პროგრამებზე, რომლებიც წლის ბოლომდე საჭიროებენ დამატებით დაფინანსებას”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, დაფინანსება ასევე იზრდება განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, კულტურისა და სპორტის მიმართულებით, იზრდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება და სხვა.

„დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე 500,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, რაც შესაძლებლობას იძლევა დაფინანსდეს მიმდინარე წელს დამატებით გამოკვეთილი საჭიროებები და ამავდროულად შემცირდეს 2023 წლისთვის დაგეგმილი ვალის აღების მაჩვენებლები. იგივე ნიშნული შენარჩუნდება და არ გაიზრდება დეფიციტის მოცულობა. ვალის მაჩვენებელი 39%-მდე იქნება შემცირებული და შესაბამისად, ქვეყანა 360 მლნ ლარით ნაკლებ ვალს აიღებს”,- აღნიშნა მომხსენებელმა. კომიტეტმა 2023 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები