გიორგი ვოლსკი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კავკასიისა და დასავლეთ ბალკანეთის განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დეპარტამენტის კავკასიისა და დასავლეთ ბალკანეთის განყოფილების ხელმძღვანელს, კრისტოფ შპეტს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც ზოგადად საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკაზე.
„სტუმრები დაინტერესდნენ სამშვიდობო პროცესის პერსპექტივით, რომლის გატარებასაც ცდილობს საქართველოს ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით. მათი მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა შვეიცარიის მუდმივი მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ გიორგი ვოლსკიმ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უსაფრთხოების საკითხებში ნორბერტ რუტშე და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ეროვნული მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა ოფიცერი გიორგი კანაშვილი.