პარლამენტში თემატური მოკვლევის – „საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება” ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებმა, თემატური მოკვლევის – „საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელება” ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინეს.

პარლამენტის ინფორმაციით, პრეზენტაცია სიმბოლურად სწორედ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დაამთხვიეს.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას.

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა მარიამ ლაშხმა აღნიშნა, რომ “ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალბატონების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, როგორც სახელმწიფო სერვისებზე, ასევე, გაჩნდეს მათი მხარდამჭერი პროგრამები, მოხდეს მათი საჭიროებების გამოვლენა და კიდევ უფრო განვითარდეს ინფრასტრუქტურა. მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალების ჩართულობა მშვიდობის პოლიტიკაში კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, განსაკუთრებით კი, გადაწყვეტილების მიღების პროცესში”, – შეხვედრაზე, გენდერული საბჭოს წევრმა, თეონა აქუბარდიამ ისაუბრა – „დღევანდელი მოხსენება იმის მცდელობაა, რომ გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც ობიექტურად აწუხებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ქალებს, ჩვენ რეკომენდაციების გზით შევძლოთ გავაუმჯობესოთ მათი პირობები, ისევე როგორც, პარლამენტიდან ზედამხედველობა გავუწიოთ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებას. თემატური მოკვლევის დროს განსაკუთრებით ფოკუსი გავაკეთეთ ქალებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ”. მოკვლევის ფარგლებში შემუშავდა შემდეგი რეკომენდაციები: ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ხელშეწყობა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში; ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქალების ეფექტიანი ჩართულობის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება; ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში ქალების ეფექტიანი ჩართულობის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება; ადამიანის უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინების ხელშეწყობა გენდერულ ჭრილში – კრიზისული/საგანგებო სიტუაციებში მზაობის შესახებ დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების ინფორმირება; კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის პრევენციის მიზნით პოლიტიკის შემუშავება; ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესებში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებისა და ქალების ჩართულობის ხელშეწყობა; რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის; საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მიზნით და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა რეკომენდაციების განხორციელების შეფასების კუთხით.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაციის ,,თანხმობა” ხელმძღვანელი მარინა ფოჩხუა. თემატური მოკვლევა ჩატარდა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. თემატური მოკვლევის ანგარიში მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის – „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისათვის საქართველოში” ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის (CSSF) მიერ არის დაფინანსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები