საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშები განიხილეს.
სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ ზაალიშვილმა ჯგუფს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 2019-2021 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გააცნო.
მარიამ ზაალიშვილის განცხადებით, აუდიტის საგანი იყო ფედერაციის საქმიანობის შესაბამისობა მოქმედ საკანონმდებლო და მარეგულირებელ ნორმებთან, რომელიც ორ მიმართულებას – შესყიდვების პროცესსა და შიდა კონტროლის სისტემას მოიცავდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაცემულია სამი რეკომენდაცია, რომელიც მომხსენებელმა ჯგუფის წევრებს გააცნო. მისი თქმით, გამოვლენილია სისტემური ტიპის ნაკლოვანებები, მათ შორის, ფედერაციის მიერ ბაზრის კვლევის განხილვისა და შეფასების გარეშე სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას მიმწოდებელი კომპანიების შერჩევის ნაკლოვანება. მისივე თქმით, დარღვევებიდან რამდენიმე გადაგზავნილია საქართველოს პროკურატურაში შესასწავლად.
„რიგი დარღვევების გამოსასწორებლად ფედერაციას მუშაობა დაწყებული აქვს”,- განაცხადა მარიამ ზაალიშვილმა.
დღესვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კაპანაძემ ჯგუფს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში – დაავადებების პრევენცია” გააცნო და და ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში გამოწვევას წარმოადგენს სკრინინგის კუთხით სამიზნე პოპულაციის დაფარვა. კიბოს იმ ტიპებზე, რომელზეც სახელმწიფო სკრინინსგს ახორციელებს, პოზიტიური დინამიკა არ იკვეთება. მისი თქმით, აუდიტი ორ საკითხად არის დაყოფილი, პირველი – ცნობიერების ამაღლება და ქცევის შეცვლაა, ხოლო მეორე – კოორდინაციის საკითხი.
„პროგრესი ცნობიერების ამაღლების კუთხით არ არის მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ სკრინინგის პროგრამები 15 წელიახორციელდება”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
მისი თქმით, აუდიტის მიერ გაცემულია სამი რეკომენდაცია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, არსებითი მნიშვნელობა აქვს, აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციები მაქსიმალურად შესრულდეს.