„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”: საქართველოში საწვავზე დეფიციტი და პრობლემა არ შეიქმნება
“საქართველოში საწვავზე დეფიციტი და პრობლემა არ შეიქმნება”, – ამის შესახებ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იობაშვილმა საწვავის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე რუსეთის მიერ საწვავის ექსპორტის აკრძალვას გამოეხმაურა.
“რაც შეეხება რუსეთის ქმედების შეფასებას – ეს თავდაპირველად თავად რუსეთისთვის არ არის კარგი. მოგეხსენებათ, ჩვენ რუსეთიდან, რაიმე დიდი სახელმწიფო ორგანიზაციებისგან არ ვიღებდით საწვავს, საწვავს არასანქცირებული კერძო კომპნიებისგან ვიღებდით. რადგან რუსეთმა ასეთი დადგენილება გამოსცა, ეს ყველას შეეხება და საზღვრებიდან გატანა ყველას ეკრძალება. ისედაც, ამ დადგენილებამდე რუსეთმა ექსპორტის, გადაზიდვის ღირებულება გააძვირა. პირველი გაძვირებებიც აქედან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთმა განცხადება გააკეთა, რომ ნედლი ნავთობის მოპოვებას ამცირებს, აქედან გამომდინარე რუსეთმაც შეამცირა, მაგრამ რუსეთი საუდის არაბეთი არაა. საუდის არაბეთმა როგორც შეამცირა, ისე მოუმატებს, ის სულ სხვა განზომილების სანავთობო ქვეყანაა. რუსეთმა, ფაქტობრივად, გაუგებარი დადგენილება მიიღო. ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს რუსეთმა თავისი განკარგულება ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართაც შეცვალა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მათ ეს შეზღუდვა არ შეეხებოდათ. დღეს საწვავის ექსპორტი აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც შეაჩერა. რუსეთმა მიწოდება არ გაუჩერა ქვეყნებს, რომლებიც ” ევრაზიის კავშირში” არიან გაწევრიანებულები. აქ არა მარტო ბიზნესია, ეს ბიზნესის ჩარჩოებიდან გადის. აქ საქმეში უფრო პოლიტიკოსებიც უნდა ჩაებან, მათი აზრიც ძალიან გვაინტერესებს – თუ რას ემსახურება ეს ორაზროვანი დადგენილება? თუ “ევრაზიის კავშირში” გაწევრიანდებით, ჩვენ საწვავს მოგცემთო? არ გვინდა. ჩვენ ევროპულ ბაზარზე წლები ვიყავით. მსოფლიო ბაზარზე ეს ყველაფერი დარეგულირდება და შედეგს მოგვცემს. საიდან, რომელი ქვეყნებიდან მოვიტანთ საწვავს? ეს ქართული ბაზრისთვის ახალი არ იქნება. მოგეხსენებათ, საქართველოში არის ძალიან კარგი ბრენდირებული კომპანია “რომპეტროლი”, რომელსაც ქარხნები რუმინეთში აქვს. ის ქარხნები და საქართველოში არსებული კომპანია “რომპეტროლი” ყაზახეთის საკუთრებაა. საწვავი იქიდან შემოვა, შემოვა იმ ფასებში, რაც მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე იქნება დადგენილი, ესა “პლაცი”; ასევე გვყავს “ლუკოილი”, რომელსაც ბულგარეთში საკუთარი ქარხნები აქვს, ასევე გვყავს არაჩვეულებრივი მეზობელი და მეგობარი აზერბაიჯანი, საიდანაც “ევრო 5-ის” დიზელის შემოტანა დავიწყეთ. ბენზინზე გადაიარაღება ჯერ კიდევ არ დასრულდა, რათა ბენზინიც იქიდან შემოვიტანოთ. მოგეხსენებათ, ევრო სტანდარტი, “ევრო 5” გვაქვს. აქედან გამომდინარე, ვაცხადებ, რომ საქართველოში საწვავზე დეფიციტი და პრობლემა არ შეიქმნება.
ყველას გაინტერესებთ ფასები: დაიწევს , თუ აიწევს. ფასების დათვლა მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც საწვავს ესა თუ ის კომპანია შემოიტანს, ანუ, რა ფასი იქნება შემოტანის დროს, რადგან “პლაცი” ყოველდღიურად დგება. მსოფლიოში არავინ მეგულება, რომ ამაზე წინასწარმეტყველება გააკეთოს. რუსული სინდრომიდან გამომდინარე ფასებმა ჩვენთან უკვე საკმაოდ მოიმატა. შეიძლება, ისეთი რამაც მოხდეს, რომ უფრო უკეთესი და შედარებით იაფიანი ბაზარიც აღმოვაჩინოთ. რატომ ვამბობ ამას: არც ევროპაში, არც თურქეთში “რეგულარის” ტიპის საწვავი არსად იყიდება. ანუ ევროპაში “პრემიუმზე” დაბალი კატეგორიის საწვავი არ იყიდება. ბუნებრივია, “პრემიუმზე” დაბალი ფასი “რეგულარზე” იქნება. ეს იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ რადგან ევროპა აღნიშნულ საწვავს იმ რაოდენობით არ ხმარობს,შესაძლოა, საშუალება მოგვეცეს, სადმე კარგ, მისაღებ ფასებში ვიშოვოთ. ამ თემაზე მუშაობა 24 – საათიან რეჟიმში მიდის”, – განაცხადა იობაშვილმა.