ბაიდენმა ფაშინიანს მხარდაჭერის წერილი მისწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წერილი მისწერა, რომელშიც მან მთავრობის მეთაური შეერთებული შტატების მხრიდან ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელებაში დაარწმუნა.

სომხური მედიის ცნობით, აღნიშნული წერილი ფაშინიანს 25 სექტემბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა გადასცა.

„მე ვთხოვე სამანტა პაუერს, ჩემი კაბინეტის მნიშვნელოვან წევრს, რომ პირადად გადმოგცეთ შეერთებული შტატებისა და ჩემი ადმინისტრაციის ძლიერი მხარდაჭერა სომხეთს სურვილით, მიაღწიოს ღირსეულ და გამძლე რეგიონულ მშვიდობას, რომელიც დაიცავს თქვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და დემოკრატიას.

სომხეთმა აჩვენა თავისი ერთგულება ამ მიზნისადმი აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვით, ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებით, მთავრობის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებით და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით. გარწმუნებთ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას ქვეყანაში დემოკრატიის გასაძლიერებლად და თქვენს სამეზობლოში სტაბილურობის დამყარების მცდელობებში.

შეერთებული შტატები მზად არის ითანამშრომლოს თქვენს მთავრობასთან ბოლოდროინდელი ძალადობის შედეგად წარმოქმნილი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რასაც ქალბატონი პაუერი დეტალურად განიხილავს თქვენთან ერთად. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებას ენერგეტიკული დივერსიფიკაციის, მდგრადობისა და უსაფრთხოების საკითხებში, როგორც ეს ჩვენმა ბოლო სამხედრო წვრთნებმა აჩვენა“, – ნათქვამია ბაიდენის წერილში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს არაღიარებულ მთიანი ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო, ხოლო მისი დასრულება მეორე დღესვე გამოაცხადა.

21 სექტემბერს აზერბაიჯანისა და მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებს შორის სიტუაციის შემდგომი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა. აზერბაიჯანი ყარაბაღიდან უვნებლად გასვლას დაჰპირდა სომხებს, რომლებიც იარაღს დაყრიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები