გიორგი გამსახურდია მაია მიმინოშვილის მრჩეველია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელია და ის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის მრჩეველია უსაფრთხოების საკითხებში. ცენტრის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია გაბუნიას განცხადებით, გიორგი გამსახურდია ამ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.
„ვადასტურებთ, რომ გიორგი გამსახურდია ნამდვილად მუშაობს ჩვენს ცენტრში. ის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის მრჩეველია უსაფრთხოების საკითხებში. კონკრეტულად რა ფუნქცია აქვს მას, არ ვიცი, ეს დეტალებია და გარკვევის გარეშე ვერ გეტყვით. ვიცი, რომ გამსახურდია ცენტრში რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. ვერც იმას გეტყვით, არის თუ არა ის ე.წ. ოდეერის (უშიშროების) თანამშრომელი. ამის შესახებ არაფერი ვიცი“, – აცხადებს გაბუნია. პრესსამსახურის განმარტებით კი, სამინისტროს მსგავსი თანამდებობა – განათლების მინისტრს მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში – არ აქვს.
„მინისტრს მხოლოდ ორი მრჩეველი ჰყავს, შტატგარეშე მრჩეველია ოთო აბესაძე ახალგაზრდულ საკითხებში და შტატიანი თანამშრომელია რამაზ საყვარელიძე, ფსიქოლოგი, განათლების ექსპერტი, განათლების საკითხებში. სხვა მრჩეველი მას არ ჰყავს“, – გვითხრა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნათია პაპავამ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – naec.ge საჯარო ინფორმაცია, ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ადმინისტრაციული ორგანოს საკადრო უზრუნველყოფის და ცენტრის ხელმძღვანელის მრჩევლების შესახებ, არ იძებნება.

წყარო: opinion.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები