“ევროპის უნივერსიტეტი” სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში – “საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა” მონაწილეობს
“ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიის პროგრამის წარმომადგენლები სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში – “საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა” მონაწილეობენ, რომელიც დღეს გაიხსნება.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებას ასევე დაესწრება ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) არქეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი ბრენდან ფოლი, რომელიც საქართველოში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა “ევროპის უნივერსიტეტის” პრეზიდენტ ლაშა კანდელაკიშვილს, შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ღონისძიება მოიცავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: “შავი ზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე II” და სამეცნიერო პავილიონების გამოფენას. სამეცნიერო პავილიონების გამოფენაზე “ევროპის უნივერსიტეტს” წარმოდგენილი ექნება არქეოლოგიური არტეფაქტები “ევროპის უნივერსიტეტის” არქეოლოგიურ ისტორიული მუზეუმიდან. შეთანხმების საფუძველზე “ევროპის უნივერსიტეტი” და ლუნდის უნივერსიტეტი შავი ზღვის არქეოლოგიურ კვლევებს ერთობლივად დაიწყებენ, რაც საქართველოში საზღვაო არქეოლოგიის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია. სამეცნიერო პავილიონების გამოფენა დილიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზეა გახსნილი.