თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარას არასოდეს სჭირდებოდა ევროკავშირის დახმარება ან მხარდაჭერა.
ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში თქვა.
მანამდე, აშშ-ში გაფრენამდე თურქეთის ლიდერმა თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, თურქეთისა და ევროკავშირის გზები გაიყოს.
ამერიკული PBS-ის კორესპონდენტის კითხვაზე, მზად არის თუ არა თურქეთი, უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს.
„თუ ევროკავშირი მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, ჩვენ მას მივესალმებით. ბოლო 50 წლის განმავლობაში თურქეთი ევროკავშირის კართან დგას. ჩვენ ყოველთვის ვიყავით თვითკმარი ქვეყანა. ჩვენ არასდროს გვჭირდებოდა ევროკავშირის დახმარება ან მხარდაჭერა, ჩვენ ამას არ ვსაჭიროებთ”,- თქვა მან.
ამავდროულად, ანტირუსული სანქციების კონტექსტში ერდოღანმა თქვა, რომ ანკარა არ არის ვალდებული, გააკეთოს იგივე, რასაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აკეთებენ.
“ვალდებულნი ვართ გავაკეთოთ იგივე, რასაც აკეთებენ ევროკავშირის წევრები? მსოფლიოში თურქეთის პოზიცია განსხვავებულია, განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციისგან. რუსეთი ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მეზობელია და ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს”, – ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.