NYT: კონსტანტინოვკას ბაზარში 6 სექტემბერს აფეთქებული რაკეტა შესაძლოა, უკრაინელი სამხედროების მიერ იყო გასროლილი

კონსტანტინოვკას ბაზარში 6 სექტემბერს აფეთქებული რაკეტა შესაძლოა, უკრაინელის სამხედროების მიერ “ბუკ”-ის სისტემიდან იყო გასროლილი, რაკეტამ, სავარაუდოდ, ფრენის მიმართულება დაკარგა. ამ დღეს სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი დაშავდა.

ამის შესახებ New York Times-ის ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი.

მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა მომხდარში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულა.

თუმცა, New York Times-ის ჟურნალისტებმა განსხვავებული დასკვნა გამოიტანეს მას შემდეგ, რაც თვითმხილველების ჩვენებები, რაკეტის ფრაგმენტები და ადგილზე დარჩენილი კვალი შეისწავლეს.

ამავდროულად, NYT-ის ჟურნალისტები ამბობენ, რომ „უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთი არაერთხელ და სისტემატურად ესხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას და ბომბავს სკოლებს, ბაზრებს და საცხოვრებელ შენობებს, რაც მოსახლეობის დაშინების მიზანმიმართული ტაქტიკის ნაწილია“. იმავე კონსტანტინოვკაში აპრილში რუსეთის არმიამ ცეცხლი გაუხსნა საცხოვრებელ კორპუსებსა და საბავშვო ბაღს, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თუმცა, კონსტანტინოვკაში მომხდარი ტრაგედიის გარემოებები მიანიშნებს იმაზე, რომ ბაზარში უკრაინული რაკეტა აფეთქდა.

„აფეთქების წუთიდან უკრაინის ხელისუფლება ცდილობდა, შემთხვევის ადგილში New York Times-ის ჟურნალისტები არ დაეშვა, ან მათ რაკეტის ნამსხვრევებთან წვდომა არ მოეპოვებინათ. თუმცა, მოგვიანებით ჟურნალისტები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, გამოკითხეს მოწმეები და შეაგროვეს გამოყენებული იარაღის ნაწილები“, – ნათქვამია სტატიაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები ინციდენტს იძიებენ და უკრაინის კანონმდებლობის მოტივით, სხვა კომენტარების გაკეთებაზე უარი თქვა.

NYT-ის გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, რომ მათ არ აქვთ მონაცემები, თუ როგორ აღმოჩნდა, რომ უკრაინული რაკეტა შესაძლოა, კონსტანტინოვკაში აფეთქდა. თუმცა, ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს იმით, რომ მან გადაუხვია დანიშნულ კურსს ელექტრონიკის მწყობრიდან გამოსვლის ან სხვა ხარვეზის გამო. სავარაუდოა, დარტყმა ტრაგიკული შემთხვევის შედეგი იყოს.

აფეთქებიდან მალევე, Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელმა, რუსლან ლევიევმა პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო გააანალიზა და თქვა, რომ რაკეტა შესაძლოა, ​ჩრდილო-დასავლეთიდან მოფრინავდა, სადაც უკრაინის არმიის პოზიციებია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები