უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სახელმწიფოს მეთაური აეროპორტიდან სტეიტენ აილენდის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაჭრილ უკრაინელ სამხედროებთან შესახვედრად გაემგზავრა, რომლებიც იქ მკურნალობასა და რეაბილიტაციას გადიან.
„შეერთებული შტატები. ნიუ-იორკი. პირდაპირ აეროპორტიდან მივდივარ ჩვენს მეომრებთან, რომლებიც მკურნალობას და რეაბილიტაციას გადიან აშშ-ში. ჩვენი ხალხის მხარდაჭერა და მადლობა მათ, ვინც უკრაინასა და უკრაინელებს ეხმარება. წინ მნიშვნელოვანი და დატვირთული დღეები გველოდება. გაეროს გენერალური ასამბლეა, SDG-ის სამიტი, უშიშროების საბჭო. უკვე დაიგეგმა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები“, – დაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმ Telegram-ში.
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტი დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე სიტყვით წარდგება. ამასთან, დღის მეორე ნახევარში ზელენსკი მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) სამიტს დაესწრება.
გარდა ამისა, ვაშინგტონში სახელმწიფოს მეთაური გეგმავს მოლაპარაკებებს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, აშშ-ს კონგრესის პალატებისა და პარტიების ლიდერებთან, სამხედრო ხელმძღვანელობასთან, ამერიკულ ბიზნესებთან, ჟურნალისტებთან და უკრაინული საზოგადოების წევრებთან. კერძოდ, პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის შეერთებულ შტატებს მადლობას გადაუხდის.