ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე უარს აცხადებენ

ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, პოლონეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე უარს აცხადებენ.

უკრაინული მედიის ცნობით, სლოვაკეთი წლის ბოლომდე უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის იმპორტს აკრძალავს.

„ჩვენ უნდა ავიცილოთ ზედმეტი ზეწოლა სლოვაკეთის ბაზარზე, რათა დავრჩეთ სამართლიანი შიდა ფერმერების მიმართ. ამავდროულად, ჩვენი ნაბიჯი არის რეაქცია პოლონეთისა და უნგრეთის მსგავს ქმედებებზე“, – ნათქვამია სლოვაკეთის მთავრობის განცხადებაში.

თავის მხრივ, ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის იმპორტს აკრძალავს პოლონეთიც. ქვეყნის განვითარებისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, ვალდემარ ბუდამ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

ამასთან, უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, იშტვან ნაგიმ განაცხადა, რომ მათი ქვეყანა სახელმწიფო საზღვარს 24 უკრაინული პროდუქტისთვის ხურავს.

ცნობისთვის, ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა. დროებითი შეზღუდვა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში – პოლონეთში, ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში იყო დაწესებული. აღნიშნული ქვეყნების მტკიცებით, უკრაინული მარცვლეული გავლენას ახდენდა მათ ბაზარზე და ზიანს აყენებდა ფერმერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები