ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებთან გაერთიანებით მესამე ცენტრი არ იქმნება
„ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებთან გაერთიანებით მესამე ცენტრი არ იქმნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაერთიანება, ან არ გაერთიანება ჩამოყალიბებული პოლიტიკური იდეოლოგიის, პოლიტიკური ხედვის მატერიალიზაციაა.
როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციურ სპექტრს არ გააჩნია ჩამოყალიბებული ხედვა საქართველოსთან დაკავშირებით.
„ერთადერთი ხედვა, რაც მათ გააჩნიათ, არის ის, რომ სიტუაციურად თუ სადმე რამე მოხდება, იქნებ ბოროტად გამოიყენონ ქვეყნის წინააღმდეგ. საზოგადოება ხედავს და არჩევს, რომ ოპოზიციის ძახილი, ქართველი ხალხი იმსახურებს, მაგრამ და ა.შ. ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვეულებრივი სპეკულანტები და მავნებლები არიან საქართველოსთვის ამ სტატუსის მინიჭება არმინიჭების საკითხში. აქედან გამომდინარე, მესამე ცენტრის ჩამოყალიბებაც არის ასეთი სპეკულაციის შედეგი, რომელიც ხიბლს კარგავს. ვერ მალავენ მათ ძირითად სურვილს, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და რაღაცნაირად არეულობა მოხდეს. წარმოიდგინეთ, რა მძიმე მდგომარეობაში არიან, თვითონ ხომ დაქსაქსულები არიან, ამ დროს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა, მშვიდობაა, ბიუჯეტი იზრდება, სოციალური პროგრამების უფრო ფართოდ გაშლა ხდება, ხელფასები იზრდება და ა.შ. ამ ფონზე მთავრობა თავისი პოლიტიკით სტატუსსაც იღებს, რა თქმა უნდა, მათთვის ეს ყოვლად მიუღებელია. რაც შეეხება მესამე ცენტრის შექმნას, ერთს დავამატებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებთან გაერთიანებით მესამე ცენტრი არ იქმნება“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა “ქრონიკის” ეთერში.