ირაკლი ქადაგიშვილი: გარკვეული ძალები მოწოდებულნი არიან, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო დააზიანონ, მათ აქვთ მოკლე კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი – ძალაუფლებაში „ნაცმოძრაობისა“ და მათი სატელიტების მობრუნება

გარკვეული ძალები მოწოდებულნი არიან, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო დააზიანონ. მათ აქვთ მოკლე კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი – ძალაუფლებაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების მოტრიალება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები და, მათ შორის, არასამთავრობოთა ნაწილი, საუბრობს, რომ მათ სურთ ევროკავშირში და ქართველი ხალხი ამას იმსახურებს, თუმცა, რეალურად, მათი ყველა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს და ეს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლის ათვლის წერტილი გახდეს.

„რადიკალური ოპოზიცია და ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა დროს მიტინგებსაც კი აწყობდნენ ხელისუფლების გადადგომისა და არასამთავრობოებზე მთავრობის გადაბარების მოთხოვნით, სწორედ ეს არის ის ძალები, რომლებიც სამწუხაროდ, მოწოდებული არიან, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო დააზიანონ. მათ აქვთ მოკლე კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი – ძალაუფლებაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების მოტრიალება. ამ მიზნის მისაღწევად ისინი სპეკულაციურად იყენებენ სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხს და ზოგადად, მთლიანად ეს კონტექსტი ქვეყანაში პოლარიზაციის მთავარ საფუძვლად გახადეს“, – აცხადებს ქადაგიშვილი “ქრონიკის” ეთერში.

ინფორმაციისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საბოლოო შეფასება წარადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები