გია ცაგარეიშვილი: ბაზების საკითხზე ფუჭი ალიაქოთის ატეხა ემსახურება მიზანს, რომ ქვეყანა დაიზაფროს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინში, შეიკრას რაღაც აპოკალიფსური სურათი
სწორედ „მთავარი არხი“ ავრცელებს-ხოლმე ხშირ შემთხვევაში დაუზუსტებელ, ფეიკ ინფორმაციებს, რომლის გაქარწყლებაც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწია. სახელმწიფო დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა ბაზების საკითხზე, რომ ამგვარი შეთავაზება არც ყოფილა და ბუნებრივია, ვერანაირი უარი ვერ იქნებოდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბაზებთან დაკავშირებით წამოწეული საკითხი საზოგადოებაში აჟიოტაჟის შექმნას ემსახურება.
„ეს არის ჩვენი ე.წ. თავისუფალი მედიის ნამოქმედარი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არა ხელისუფლების ან მთავრობის, არამედ საქართველოსა და მისი უახლოესი სტრატეგიული მოკავშირის ინტერესების წინააღმდეგ. მაშინ რას შეიძლება, ემსახურებოდეს ამ ინფორმაციის წამოწევა? უნდათ ნიშნის მოგება ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის კიდევ ერთხელ შელახვა ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტის. ესაა მიზანი, ამას ემსახურება ფუჭი ალიაქოთის ატეხა. ყველაფერი ემსახურება, რომ ქვეყანა დაიზაფროს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინში, შეიკრას რაღაც აპოკალიფსური სურათი პოლიტიკური მედიის მხრიდან, რომ ქვეყანა იქცევა, ხელისუფლება არაფერს აკეთებს, თურმე ბაზაზე უთხრა შეერთებულ შტატებს უარი, არ დგამს ინტენსიურად ევროკავშირისკენ ნაბიჯებს. ვფიქრობ, ეს წამოწეული თემა ამ მოზაიკის ერთ-ერთი ნაწილი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გუშინ, ლიკა ბასილაია-შავგულიძეზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე. აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.