ხურვალეთის ოკუპირებ ნაწილში მცხოვრები ქალბატონი ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა

„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ყოველწლიური ჯილდოს – „საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია“ – მფლობელი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის, როსტომ ჩხეიძის, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“, ილიკო და ნინო სუხიშვილების, „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა “ და ზურაბ კიკნაძის შემდეგ – სოფელ ხურვალეთში (გორის მუნიციპალიტეტი), რუსეთისაგან ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები ეთერ (ვალია) ვანიშვილი გახდა.
„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ინფორმაციით, ეთერ (ვალია) ვანიშვილი ანტისაოკუპაციო ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დათა პაპას ქვრივია, რომელიც მეუღლის დანაბარებს ასრულებს და მიუხედავად იმისა, რომ მისი ეზო და კარ-მიდამო მცოცავი ანექსიის შედეგად მავთულხლართებით გაღობეს ოკუპანტებმა, არ ტოვებს სახლს და ოკუპირებულ მხარეს დარჩენილ მიწას. უკიდურესი საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, იგი ბოლომდე ინარჩუნებს მშობლიურ კერას.
დაჯილდოების ცერემონია, ექსტრემალურ რეჟიმში, სოფელ ხურვალეთში გაიმართა. ფონდის წარმომადგენლებს, სარეკომენდაციო საბჭოს წევრებსა და სტუმრებს არ მიეცათ ქალბატონ ვალიას თუნდაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ეზოში მისვლა და ღონისძიების ჩატარების უფლება და სოფლის ცენტრში, ღია ცის ქვეშ, მოედანზე ჩატარდა. მხოლოდ შემდეგ რამდენიმეკაციანი შემადგენლობით მივიდნენ წლევანდელი ლაურეატის საოკუპაციო საზღვრით გამიჯნულ ეზომდე და მავთულხლართების მიღმა გადასცეს ჯილდო – ილია ჭავჭავაძის ბრინჯაოს სკულპტურა, სიგელი და პრემიის მატერიალური დანამატი, რომელიც „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდმა“, „ქალთა ქსელი თავისუფლებისათვის“ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობასთან“ პარტნიორობით დააწესა.
„საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის“ გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს ფონდის სარეკომენდაციო საბჭო 9-კაციანი შემადგენლობით – ლია სტურუა /პოეტი/, ივანე ამირხანაშვილი /ლიტერატორი, კრიტიკოსი/, ბეჟან ჯავახია /ისტორიკოსი, ილიაუნის პროფესორი/, ბაღათერ არაბული /პოეტი/, ნინო ზაუტაშვილი /ტელეწამყვანი, მედიამენეჯერი/, დიმიტრი შველიძე /ისტორიკოსი, თსუ-ის პროფესორი/, გიორგი სავანელი /რეჟისორი, დრამატურგი/, ნინო სადღობელაშვილი /პოეტი, მწერალი/, დეკანოზი, კაპელანი გიორგი წეროძე. საბჭო ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას და ავლენს წლის ლაურეატს.
ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, პრემიის წლევანდელ მფლობელად ქალბატონ ვალიას შერჩევა მისმა სამოქალაქო თავდადებამ და იმ ეროვნულ-სახელმწიფოებრივმა ჟესტმა განაპირობა, რასაც იგი ბუნებრივად ახორციელებს, მეტიც, ცხოვრობს ამ რწმენით, რომ არ უნდა დათმოს მშობლიური მიწა და იქ ოკუპანტი არ უნდა ჩადგეს.  ამ ქმედებით, მავთულხლართებს მიღმა ცხოვრების მიუხედავად, დღემდე ინარჩუნებს საკუთარ სახლს და მიწის ნაკვეთს. ამ ჯილდოს მინიჭებაც მისი ამ ღვაწლის დაფასება იყო და ხაზგასმა იმ ფაქტორის, თუ რამხელა სტიმული და, ანტისაოკუპაციო ცნობიერების თვალსაზრისით, რა მნიშვნელობის მქონეა მოხუცი ქალბატონის ეს საქციელი, რომელიც მისი ყოფის ბუნებრივ ნაწილად იქცა.
ღონისძიება ილიას მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტის „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“ – ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები