შალვა პაპუაშვილი: როცა ცესკოს დაკომპლექტებაში პრეზიდენტის როლზე ვსაუბრობთ, ეს როლი ვიღაცისთვის შეიძლება საეჭვო იყოს, მაგრამ პარლამენტში კოალიციური უმრავლესობის არსებობის შემთხვევაში, პრეზიდენტის როლი ძლიერი იქნება
როდესაც ცესკოს დაკომპლექტების პროცესში პრეზიდენტის როლზე ვსაუბრობთ, ეს როლი ვიღაცისთვის შეიძლება საეჭვო იყოს, მაგრამ პარლამენტში კოალიციური უმრავლესობის არსებობის შემთხვევაში, პრეზიდენტის როლი ძლიერი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მათ პარლამენტი ვერც უბრალო უმრავლესობით აირჩევს.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, რამდენად აისახება ცვლილებები პრაქტიკაში და მოხერხდება თუ არა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა, ეს ოპოზიციაზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, მათ ევრორეკომენდაცია გაითვალისწინეს, თუმცა „კვალიფიციური უმრავლესობით კანდიდატების არჩევის პრინციპი უბრალოდ სურვილია და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს“.
„კვალიფიციური უმრავლესობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია. პრაქტიკამაც დაადასტურა, რომ ჩვენი მიდგომა სწორია იმ მხრივ, რომ არარეალისტურია ასეთი სისტემების შემოღება და როცა უმრავლესობას პასუხისმგებლობა აქვს აღებული ხალხის მანდატით, ის უნდა იქნას ასახული მათ შორის, სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცა, ვინაიდან იყო კვალიფიციური უმრავლესობის დაბრუნების რეკომენდაცია, შემუშავდა ცვლილებები. ამავე დროს, იცით, რომ დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმიც არის შემოღებული იმ შემთხვევისთვის – თუკი ცესკოს წევრი და თავმჯდომარე უბრალო უმრავლესობით იქნებიან არჩეული, ისინი ვადაში შეზღუდული არ იქნებიან.
რამდენად მოხერხდება კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა, ოპოზიციაზეა დამოკიდებული. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის პრინციპი არის სურვილი, რომელსაც რეალობასთან კავშირი არა აქვს, ორგანულად არ არის დაინტერესებული ოპოზიცია, რომ უმრავლესობასთან რაიმე კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგეს – განსაკუთრებით მაშინ, როცა პარლამენტში რადიკალური ჯგუფები არიან.
პრეზიდენტს სრული დისკრეცია ეძლევა ცესკოს თავმჯდომარე თუ წევრი იმ შემთხვევაში დანიშნოს, თუკი პარლამენტი უუნაროა თავად, რომ აირჩიოს წევრი. ასე ნუ შეხედავთ (დღევანდელი მოცემულობით), რადგან უმრავლესობა შეიძლება იყოს სხვაგვარი, მათ შორის კოალიციური, პარლამენტში იყოს უთანხმოება კანდიდატთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ძლიერი ინსტრუმენტი ეძლევა, რომ მან გადაწყვიტოს საკითხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, მისი პასუხი გულისხმობს თუ არა იმას, რომ 2024 წელს პარლამენტში კოალიციურ უმრავლესობას არ გამორიცხავენ, პაპუაშვილი განაცხადა, რომ „საუბრობს მომავალ ბევრ წელზე“.
„როცა ვსაუბრობთ პრეზიდენტის როლზე ამ ცვლილების შედეგად, ამ შემთხვევაში ეს როლი ვიღაცისთვის შეიძლება საეჭვო იყოს, როცა კონსოლიდირებული უმრავლესობა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ხომ მომავალ ბევრ წელზე ვსაუბრობთ? თუკი შეიძლება იყოს კოალიციური უმრავლესობა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის როლი იქნება ძლიერი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.