წყნარ ოკეანეში ზვიგენებმა რუსული კატამარანი ჩაძირეს
წყნარ ოკეანეში ზვიგენებმა კატამარანი – Russian Ocean Way — TION ჩაძირეს, რომელიც მსოფლიოს გარშემო ექსპედიციას ახორციელებდა.
ამის შესახებ პროექტის – “რუსი მეზღვაურების გზაზე მთელს მსოფლიოში” ვებგვერდზეა ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, ისინი არ დაშავებულან.
ზვიგენის პირველი თავდასხმა 4 სექტემბერს მოხდა, როდესაც კატამარანის უკანა მარცხენა ბალონი დაზიანდა, რის შემდეგაც ის მთლიანად წყალში ჩაიძირა.
ექსპედიციის შტაბის ხელმძღვანელი, იულია კალიუჟნაია ვარაუდობს, რომ ზვიგენებმა კატამარანის ბალონი “რაღაც ძუძუმწოვრად აღიქვეს და ამიტომ დაესხნენ თავს”.
მომდევნო დღეს კატამარანმა დაახლოებით ასი მილის გავლა შეძლო, მაგრამ 5 სექტემბრის საღამოს ხომალდს ისევ დაესხნენ თავს, რის შედეგადაც უკვე მარჯვენა ბალონი დაზიანდა.
ამის შედეგად, კატამარანმა ჩაძირვა დაიწყო და ეკიპაჟმა SOS სიგნალი მისცა. 45 წუთის შემდეგ ექსპედიციის წევრები გემმა Dugong Ace-მ აიყვანა.