„ეკლესიების აღმდგენელი სტალინი მთავარი დამანგრეველი იყო, ისტორიას ვერ გააყალბებ, მთავარია, სწორად წაიკითხო“

როდესაც სტალინმა ქრისტე მხსნელის ტაძარი დაანგრია მოსკოვის ცენტრში, უკვე გადაწყვეტილი იყო „საბჭოების სასახლის“ აშენება, მაგრამ როგორი უნდა ყოფილიყო ეს „საბჭოთა კავშირის სახე“, ჯერ არავინ იცოდა.

სტალინის უშუალო ჩართულობით, 1931 წელს რუსეთის მთავარი ეკლესია დაანგრიეს. ამით, ბელადმა ანიშნა ყველას, რომ ღმერთის ადგილი საბჭოეთში არ იყო და რაც ვერ გააკეთა ურდომ, მონღოლებმა, ჭირმა და უბედურებამ, მოახერხებდნენ წითლები.

გამოაცხადეს ესკიზების კონკურსი. 250-მდე ნამუშევარი შევიდა კომისიაში. აქედან, მეათედი მაინც ევროპელი და ამერიკელი არქიტექტორების იყო.

1932 წელს სამი ფინალისტი აარჩიეს. აქედან ერთი ამერიკაში მცხოვრები ჰექტორ ჰამილტონი იყო, მაგრამ ბელადის გადაწყვეტილებით, „შინაურ მღვდელს“ უნდა გაემარჯვა, რადგან „არავისზე ნაკლები” არქიტექტორები არ ჰყავს საბჭოეთსო.

სიმართლე რომ ვთქვათ, არც ჰყავდა, მაგრამ რას გახდება არქიტექტორი, თუ დამკვეთია ჯიუტი და სტალინი ცალსახად ითხოვდა, რომ „საბჭოების სასახლე” ყოფილიყო ყველა ძეგლსა და მონუმენტზე მაღალი. სწორედ ამიტომ, თავდაპირველ ესკიზს, (აქვე ვთქვათ, გაიმარჯვა ბორის იოფანმა (არქივების გახსნისას, გაირკვა, რომ სტალინი „ურჩევს” კაგანოვიჩს, მოლოტოვს და ვოროშილოვს, რომ ყურადღება მიაქციონ იოფანის ესკიზს, რაც პირდაპირი დავალება იყო), რომელიც იყო 300 მეტრი, დაემატა 100-მეტრიანი ლენინი, რომელიც ხელგაწვდილი დგას და კაცობრიობას მოძღვრავს.

ჩემი აზრით, ლენინის ძეგლი (თავიდან სამი რევოლუციონერი უნდა მდგარიყო) სტალინმა აიჩემა იმიტომ, რომ თავი განედიდებინა ერთი და მეორე, უნდოდა ზევსის ქანდაკების ანალოგი, მსოფლიო საოცრება დაედგა მოსკოვის ცენტრში.

7 წელი მარტო საძირკველს მოუნდნენ. მერე, ფუნდამენტში ჩალაგებული რკინა ტანკების წარმოებას მოახმარეს და ომის დამთავრების შემდგომ, ამ ადგილას ღია აუზი აშენდა.

თანამედროვე არქიტექტურული დათვლებით, ამ შენობას მომავალი არ ჰქონდა, რადგან სტალინის აჩემებული ის დამატებითი 100 მეტრი რა საძირკველსაც ითხოვდა, სულ წყლით იქნებოდა სავსე (მდინარესთან ახლოს დგას ტაძარი). კარგ შემთხვევაში, ამ სასახლის შენახვა თანამედროვე ფულით ასობით მილიონი დოლარი დაჯდებოდა, ცუდ შემთხვევაში კი, უბრალოდ ჩამოიშლებოდა და მოიყოლებდა ყველას, ვინც შიგნით აღმოჩნდებოდა.

არ ვიცი ტერაქტი ჰქონდა დაგეგმილი იოსებს, თუ რომის პაპზე კათოლიკე და ყველა სფეროში გარკვეული (ასეთად ცდილობენ ხოლმე მის წარმოჩინებას) იყო, მაგრამ ფაქტია, რომ წარუმატებელი პროექტი დაიწყო, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა მაშინვე.

რაც საინტერესოა, საძირკვლის 7-წლიანი მშენებლობის დროს, 3-ჯერ დახვრიტეს ბრიგადირები. 2-ჯერ რაღაც შეცდომებისთვის, ერთხელ – პრევენციისთვის. აი, ასე, ადგნენ და დახვრიტეს ყველა ბრიგადირი.

შენობაზე მუშაობდნენ პატიმრები. აბა, გამოიცანით როგორ არჩევდნენ პატიმრებს?

ეკლესიების აღმდგენელი იოსებ სტალინი მთავარი დამანგრეველი იყო. ისტორიას ვერ გააყალბებ, მთავარია სწორად წაიკითხო მომხდარი.

კიტელის შიგნით ანაფორა და ფარული მარხვა, სიკვდილის შემდეგ კისერზე ჯვარი და სხვა სიამტკბილობები ბლეფია.

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები