„ავოსკიანი“ ნახალოვკელისა და კასპელი გოგოს გაქცევის ამბავი

თუ გახსოვთ, იყო ხოლმე საბჭოთა ბადე ჩანთები. ყველა მოქალაქის ჯიბეში იდო ლამის, რომ საღამოს სახლისკენ მიმავალს პური ან რამე გაეყოლებინა.

ერთი კაცი იყო ნახალოვკელი. სახელი არ მახსოვს, არც გარეგნობა, მხოლოდ ის, რომ ყოველ საღამოს ამოივლიდა ხოლმე ქუჩაზე და ხელში ეჭირა ეს ბადე ჩანთა და შიგ, აუცილებლად იდო მაწონი. გრძელ ბოთლებში რომ იყო, ფართეთავიანი, თითს რომ ჩაკრავდი და იხსნებოდა, ისეთი.

ამოივლიდა, იტყოდა გამარჯობას, აუხვევდა თავის ნახალოვკურად ჩახლართულ ქუჩაზე და ეგ იყო.

არასოდეს დაულევია კაცებთან ერთად, არ დადიოდა გასვენებებში, პანაშვიდებზე, ქორწილებში, ჩხუბებში, ფეხბურთის საყურებლად, ან სათამაშოდ.

მაშინდელი თბილისური უბნები იყო სხვანაირი, არა ისეთი ახლა რომაა, განსაკუთრებულად ჩახლართული უბნური ურთიერთობებით, ხანდახან გადამლაშებულით, ხან ზომიერით, ზოგჯერ თავისებური ვალდებულებებითაც.

ამ უბნურობაში, გინდოდა თუ არა აუცილებელი კომპონენტი იყო ვიღაცების ნაცნობობა, გვერდითა მეზობლისა მაინც. ეს კაცი კი მგონი არავის იცნობდა, არადა იქ დაიბადა, იქ გაიზარდა, იქ მოიყვანა ცოლი, იქ გაუჩნდა 2 შვილი.

ნახალოვკა, ოდითგანვე იყო მდგმურების უბანი. არსად იმდენი მდგმური არ იყრიდა თავს, რამდენიც იქ, რაც ამ უბანში გაზრდილი ადამიანის ფსიქოტიპზე აუცილებლად აისახებოდა – თვეში, ორ თვეში ერთხელ ახალი ადამიანი, ახალი ნაცნობობა, ახალი ურთიერთობები. მდგმურობა იყო მაინც სხვა მოვლენა – შინაური იყავი უბანში, მაგრამ იყავი მაინც მდგმური. ფეხბურთის თამაშისასაც კი, ცოლიან-უცულოების დაწყვილებას მდგმური-ადგილობრივი დაყოფა ჯობნიდა.

ჰოდა, ეს კაცი მდგმურებთანაც არ ასოცირდებოდა. მიდიოდა, მოდიოდა.

ერთხელაც, ამ უბანში დასახლდა ერთი კასპელი გოგო. სახელი მალე გაითქვა, რადგან მაგარი შედი-გადი იყო მის ოთახში. მოკლედ, რიგი იდგა.

ერთხელაც, ეს ნაღდად ცხადად მახსოვს, ჩამოიარა ამ ბადიანმა კაცმა. სვამდნენ იქაური უბნელები, ზოგი საიდან მოსული, ზოგიც – საიდან. დაუძახეს ამ კაცს. მოდი, დალიეო. არ მინდაო, მოდი, მოდიო, ცოტა მკაცრადაც დაპატიჟეს და მივიდა. ისეთი სმა მიდის რა, “ბარის ლუდის”. ბეევრი რომ უნდა დაილიოს, რომ კასპელ გოგოსთან შეიარონ მერე. ამ კაცმა დალია. ერთი, ორი, სამი.

ნახალოვკელები იუმორის ნაწილში გაქექილად ჩათლახები იყვნენ, ნახეს, რომ ხელში ჩაიგდეს და აძალებენ. დალია ამ კაცმა, დალია და ახლა შედი იმ კასპელი გოგოს ოთახშიო. ამან, ვერაო. არაო, მაგრამ ბოლოს დანებდა და შევიდა.

შევიდა და შევიდა. აღარ გამოდის. დაღამდა. დაიშალა ბირჟა, გათენდა და არ ჩანს ის კაცი. ოჯახმა მოიკითხა, ვერ პოულობენ.

იპოვეს იმ თავისი ბადე ჩანთით. ოთახში შესვლამდე კუთხეში მიუდია. ოთახი ცარიელი იყო. კასპელი გოგო და ეს კაცი გაიქცნენ. მაშინ ამბობდნენ, რუსეთშიო.

მარტო ის ბადე ჩანთა დარჩა იმ კაცისგან ჩემ მეხსიერებაში. მგონი ოჯახსაც მარტო ის ბადე ჩანთა დარჩა ამბად.

გურამ მეგრელიშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები