შალვა პაპუაშვილი – მაკკეინისა და ბუშის ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე: სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას
მაკკეინისა და ბუშის ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ კონფერენციასთან დაკავშირებით პირველი განმარტება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” მეორე წელია, ამ ორგანიზაციების მიერ მოწყობილ კონფერენციაში არ მონაწილეობს.
მისი განცხადებით, ღონისძიებაში ის პირები მონაწილეობენ, რომლებიც პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ და პოლარიზაციას რადიკალური გეგმებით აღრმავებენ.
“შარშანაც იყო ეს კონფერენცია და მაშინაც არ დავესწარით. მიზეზი არის ცხადი და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას, რომლებიც უარყოფენ არჩევნებს. ისინი არა მხოლოდ არიან სტუმრებად დაპატიჟებული, არამედ ეძლევათ ტრიბუნა, რომ საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი გააჟღერონ ასეთი სახის კონფერენციებში.
ორგანიზატორები არიან ამერიკული ორგანიზაციები. დღეს ამერიკაში მიმდინარეობს პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ, იმ საფუძველზე, რომ ის ავრცელებდა დეზინფორმაციას, არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ. სწორედ, ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციები, ამ შემთხვევაში მაკ კეინის ინსტიტუტი და ბუშის ინსტიტუტი, ქართულ ორგანიზაციასთან ერთად არიან ორგანიზატორი კონფერენციის, სადაც მათ გამომსვლელებში ჰყავთ ევროპული საქართველოს წარმომადგენლები, რომლებიც დადასტურებულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, თითქოს ის გაყალბდა და რომლებიც დღემდე არ აღიარებენ ამ არჩევნებს. ამიტომ, ეს არის ორმაგი სტანდარტი ამ ორგანიზაციების მხრიდან, როდესაც ერთის მხრივ, საკუთარ ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის სამართლებრივი პროცესი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ მოტივაციით, რომ ის კონსპირაციის თეორიებს ავრცელებდა თითქოს არჩევნებთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, საქართველოში ტრიბუნას აძლევენ ზუსტად იმ რადიკალურ ძალებს, რომლებიც ასეთ კონსპირაციებს ავრცელებდნენ ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისში ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ.
მასში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, ექსპერტები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციას არ ესწრება მმართველი გუნდი.