გივი მიქანაძე: პრეზიდენტის მოქმედება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა
“ადამიანი, რომელიც წავა კანონმდებლობის, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, ყველა შემთხვევაში ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება. სწორედ ამიტომ მიიღო მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ნახავს, ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ვინ იქნება კანონის უზენაესობის მხარეს და ვინ მიიღებს პოლიტიკურ სუბიექტურ გადაწყვეტილებას.
„50-ზე მეტი ხელმოწერა იქნება და შესაბამისი განაცხადი გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის მოქმედება, რომელიც განახორციელა პრეზიდენტმა არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა და მით უმეტეს მიუღებელია იმ ადამიანისგან, რომელმაც პრეზიდენტად არჩევის დროს კონსტიტუციაზე დაიფიცა და მის მიერ წარმოთქმულ ფიცში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის, რომ ის არის გარანტი და დამცველი კონსტიტუციის. ვნახავთ ასევე, ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ვინ იქნება კანონის უზენაესობის მხარეს და ვინ მიიღებს პოლიტიკურ სუბიექტურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მიქანაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.