Politico: უკრაინა Abrams-ებს სექტემბერში მიიღებს
უკრაინამ დაპირებული 32 Abrams-ის ტანკიდან პირველი ათეული სექტემბრის შუა რიცხვებში უნდა მიიღოს.
ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს.
დასავლელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ტანკების მიღება კიევის ძალებს მისცემს უპირატესობას, რომელიც მათ სჭირდებათ რუსეთის თავდაცვითი სიმაგრეების გარღვევისთვის.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ათი ტანკი ამჟამად გერმანიაში იმყოფება, შეკეთების დასკვნით ეტაპზე. როგორც კი ყველაფერი მზად იქნება, მათ უკრაინაში გაგზავნიან.
პენტაგონის სპიკერმა, პოლკოვნიკმა მარტინ ოდონელმა 18 აგვისტოს განაცხადა, რომ 200-მდე უკრაინელი ჯარისკაცი გერმანიის პოლიგონებზე “აბრამსებისთვის” იქნება გაწვრთნილი.
M1 Abrams არის თანამედროვე მთავარი საბრძოლო ტანკი, რომელიც აღჭურვილია ცეცხლის მართვის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე (და დახვეწილი) სისტემით, მათ შორის, ლაზერული დიაპაზონის მაძიებლით, ღამის ხედვის მოწყობილობებით და საბორტო კომპიუტერით, რომელიც ეხმარება სამიზნეების არჩევასა და დამიზნებას.
Abrams-ის მთავარი მინუსია მძიმე წონა – ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტანკია.