დაკარგული მარიკა სარიშვილი დედას შველას სთხოვდა – ახლობლები ახალ ვერსიაზე საუბრობენ
ოზურგეთში დაკარგულ მარიკა სარიშვილს სამართალდამცველები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. დაკარგულის ახლობლები ახალ ვერსიაზე საუბრობენ. როგორც ისინი აცხადებენ, მან დედასთან დაკავშირება მოახერხა და შველა ითხოვა. “ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სამი დღის წინ დაბა ლაითურში “მერსედესის” მარკის მანქანა გამოჩნდა, რომელიც სხვა დროს არ შეგვიმჩნევია. ორ ჩვენს ნაცნობს მანქანაში მსხდომმა მამაკაცმა შესთავაზა, რომ ქალაქ ოზურგეთისკენ თუ მიდიოდნენ, წაიყვანდა, მაგრამ არ გაყვნენ. სავარაუდოდ, მარი ჩაჯდა ამ მანქანაში, რადგან მას დაბის სამარშრუტო ტაქსით არ უმგზავრია. მარიმ მხოლოდ ის მოახერხა, რომ ნარუჯაში ყოფნის დროს დედას და დას ერთდროულად გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება. ასევე ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ მან მოახერხა სახლში დარეკვა და დედას შველას სთხოვდა. ეს ზარი, როგორც სამართალდამცველებისგან გავიგეთ, ბათუმიდან დაფიქსირდა”, – აცხადებენ მარიკა სარიშვილის ახლობლები.
როგორც დაკარგულის დედა, ლელა ურუშაძე აცხადებს, მისი შვილი ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ბაბუის სანახავად წავიდა. მისი თქმით, ბოლოს საუბარი მასსა და მარიკას შორის ხუთშაბათს, დაახლოებით 16:00 საათზე შედგა. მისმა შვილმა უთხრა, რომ დაბა ნარუჯაში იმყოფებოდა და სახლში მალე მივიდოდა. “მომწერა გონება დამეკარგა და არ ვიცი სად ვარო. ამის შემდეგ ტელეფონი გაითიშა”, – აღნიშნა ლელა ურუშაძემ.
სამართალდამცვლებმა გუშინ დაკარგულის ორი მეზობელი დაკითხეს.
მარიკა სარიშვილი სახლიდან სამი დღის წინ გავიდა და არ დაბრუნებულა.