ინდოეთი მზის შესასწავლად თანამგზავრს გაუშვებს

ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაციაში (ISRO) თანამგზავრის მზის შესასწავლად გაშვებას გეგმავენ.

რამდენიმე დღის წინ ინდოეთმა ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსთან დასვა.

მზის შესასწავლად კოსმოსური ობსერვატორია Aditya-L1-ს გაშვება 2 სექტემბერს არის დაგეგმილი.

Aditya ჰინდიზე „მზეს“ ნიშნავს და ორბიტაზე იმოძრავებს დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე, საიდანაც მზის უწყვეტად მკაფიო ხედი ექნება.

„ამის გამო, დიდი უპირატესობა გვექნება, რათა რეალურ დროში დავაკვირდეთ მზის აქტივობასა და ამის გავლენას კოსმოსურ ამინდზე“, – აღნიშნავს ISRO.

კოსმოსური ხომალდი შვიდი ინსტრუმენტით დააკვირდება მზის ყველაზე გარე ფენებს, რომელსაც ფოტოსფეროს და ქრომოსფეროს უწოდებენ; ამისათვის გამოიყენებს ელექტრომაგნიტურ და ნაწილაკთა ველის დეტექტორებსაც.

ხომალდი შეისწავლის კოსმოსური ამინდის განმაპირობებლებს, მათ შორის, შეეცდება, უკეთესად გაარკვიოს მზის ქარის დინამიკა.

მიუხედავად იმისა, რომ მზის შესასწავლი ორბიტერები წარსულში NASA-ს და ევროპის კოსმოსურ სააგენტოსაც (ESA) ჰქონდათ, ეს ინდოეთისათვის პირველი ასეთი მისია იქნება.

რამდენიმე დღის წინ, მთვარის ზედაპირზე დაეშვა ხომალდი ჩანდრაიან-3, რის შედეგადაც ინდოეთი მეოთხე ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც მთვარეზე მისია წარმატებით დასვა. აქამდე ეს მხოლოდ აშშ-მა, საბჭოთა კავშირმა და ჩინეთმა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები