პრიგოჟინს, სავარაუდოდ, დღეს დაკრძალავენ – პუტინი ცერემონიას არ დაესწრება
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი “ვაგნერის” დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის დაკრძალვას არ დაესწრება.
ამის შესახებ მედიას კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
მისივე თქმით, კრემლი დაკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
“დაკრძალვაზე პრეზიდენტის დასწრება გათვალისწინებული არ არის. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია დაკრძალვის შესახებ, გადაწყვეტილებებს ახლობლები იღებენ და მათ გარეშე ვერ ვისაუბრებთ”, – განაცხადა პესკოვმა.
რუსული მედიის ცნობით, პრიგოჟინს დღეს, 29 აგვისტოს, სავარაუდოდ, სანქტ-პეტერბურგის სერაფიმოვსკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ამჟამად, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესასვლელები გადაკეტილია, ადგილზე ბევრი ძალოვანია მობილიზებული. სავარაუდოა, რომ დაკრძალვის მზადება მიდის.
ევგენი პრიგოჟინის კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა ტვერის რეგიონში 23 აგვისტოს განიცადა.
ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი დაღუპულია, მათ შორის ეკიპაჟის 3 წევრი იყო.
რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის არის არის თვითმფრინავის აფეთქება გარე ზემოქმედების შედეგად.