მაკრონი ნიგერში სამხედრო ინტერვენციას მხარს უჭერს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანა ECOWAS-ის ძალისხმევას უჭერს მხარს, მათ შორის – სამხედროს, ნიგერში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.
ამის შესახებ მან ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ზეწოლის მიუხედავად, ნიგერში საფრანგეთის ელჩი დარჩება.
Reuters ასევე წერს, რომ პოლიტიკოსმა ნიგერის ჩამოგდებულ პრეზიდენტს, მოჰამედ ბაზუმს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკა სწორია. ის ეფუძნება პრეზიდენტ ბაზუმის გამბედაობას, ისევე – როგორც ჩვენი ელჩის ვალდებულებას, რომელიც რჩება ნიგერში, ზეწოლის და ყველა განცხადების მიუხედავად, რომელიც არალეგალური ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა“, – განაცხადა მაკრონმა.
ნიგერის მეამბოხე ხელისუფლებამ გერმანიის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების ელჩებს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.