პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია იწყება

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს, რომელიც 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა ბრიფინგი გამართა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ. ეს მიმართულებებია ტურიზმი, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მომსახურებისა და სხვა მიმართულებები.
ქეთევან ნატრიაშვილის ცნობით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში. მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა.
სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება უნდა გაიაროს.
აღსანიშნავია, რომ სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს) ჩვეულებისამებრ ეძლევათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნული პროცედურების შესაბამისად, თუმცა ისინი ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით სარგებლობენ, რაც მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ პროფესიის მოსინჯვის საფუძველზე ფასდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები