Newsweek: პუტინი რუსეთში სრულმასშტაბიან მობილიზაციას აჭიანურებს და ზეწოლას განიცდის

რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი სრულმასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადებას აჭიანურებს, რადგან შიშობს, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, პროპაგანდისტული ნარატივი შეცვალოს, რომელიც რუსეთში 18 თვეზე მეტია, ვრცელდება.

ამის შესახებ Newsweek-ი წერს.

გამოცემა წერს, რომ ამ ფონზე პუტინი მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რადგან მისგან ითხოვენ, რომ უფრო აგრესიული პოზიცია დაიკავოს.

როგორც გამოცემასთან საუბარში ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკურმა ექსპერტმა, კონსტანტინე სონინმა თქვა, პუტინი, სავარაუდოდ, თავს იკავებს მასობრივი მობილიზაციის გამოცხადებისგან, რადგან ესმის, რომ ომი უკიდურესად არაპოპულარულია რუსეთის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში.

“ორი მილიონია, ვინც ძალიან ბედნიერია, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომია. ასევე არის რამდენიმე მილიონი, ვინც ეწინააღმდეგება ომს და არის ათობით მილიონი, ვინც მხარს არც უჭერს და არც აპროტესტებს”, – თქვა სონინმა.

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს მოხალისეების რეკრუტირებას უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.

რაც შეეხება პროპაგანდას, როგორც სონინმა აღნიშნა, რუსეთი ავრცელებს ნარატივს, რომ არავითარი ომი არ არის. რომ, თითქოს რუსეთის შეიარაღებული ძალები მხოლოდ შეზღუდულ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აწარმოებენ.

„მობილიზაციის ღიად გამოცხადება იქნება ამ მსოფლმხედველობიდან მკვეთრი გადახვევა, საინფორმაციო სივრციდან ამოვარდნა“, – თქვა მან.

მისი თქმით, მაშინაც კი, თუ კრემლის ხელმძღვანელი ეცდება კიდევ უფრო მეტი რუსის მობილიზებას, ის მაინც შეეცდება, ისე წარმოაჩინოს ყველაფერი, თითქოს, არც არაფერი ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები