„ნამდვილ გმირებს ვერ მოკლავენ“ – გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე
18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 39 წლის გახდებოდა. იგი 23 წლის ასაკში გმირულად დაიღუპა ცხინვალში.
გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტყვედ ჩავარდა.
წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე სეპარატისტებმა სასტიკად აწამეს და ცემით მოკლეს.
2013 წლის 15 აპრილს გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
2013 წელსვე, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა, სერჟანტთა აკადემია კი მის სახელს ატარებს.
ახმეტაში მდებარე მწვერვალი, რომლის სიმაღლე 3276,1 მეტრია, გიორგი ანწუხელიძის სახელობისაა.
ეროვნულ გმირს დაუმორჩილებელი საქართველოს სიმბოლო უწოდეს, მასზე შეიქმნა ლექსები ნახატები, სიმღერები… ეს ლექსო გამყრელიძის ნახატია, ხოლო პოეტ ჯუბა ღებელის ლექსზე სიმღერა დაწერა გოჩა ჭაბუკაიძემ.
„ნამდვილ გმირებს ვერ მოკლავენ, უკვდავების ბინადართ,
იდგა მამა-პაპის კვალზე, საქართველოდ იდგა და…
ტანზე სისხლისფერი ეცვა, მზის ნათელი ეფარა,
საქართველოს მთებს და ზეცას, მხრებით გადაეფარა…
ჩემთვის ბერი თევდორე ხარ, ცოტნე დადიანიც ხარ,
მიწა ისე გეცოდება, ფეხაკრეფით დადიხარ!..
ვლოცულობ და გინთებ სანთელს, ქრისტეს მარწუხების მგლეჯს,
შენს სისხლისფერს ვენაცვალე,
გიო ანწუხელიძევ“!..
(ავტორი: ჯუბა ღებელი)