ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლადო გრიგოლიას არქივის შესწავლა და დამუშავება მიმდინარეობს
ახლახან საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა ლადო გრიგოლიას არქივის მნიშვნელოვანი ნაწილი – წიგნის ყდის, ყუის, შმუცტიტულის, ფორზაცისა თუ ილუსტრაციების, ასევე შრიფტების პლაკატებისა და აფიშების ავტორისეული ესკიზები. სულ 2000-მდე ექსპონატი.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ბიბლიოთეკისთვის ეს არქივი გამორჩეულად ძვირფასი და მნიშვნელოვანია, რადგან ის ქართული შრიფტისა და წიგნის დიზაინის ისტორიის ნაწილია.
ამჟამად არქივის შესწავლა და დამუშავება მიმდინარეობს.
სერვანტესის, ცვაიგის, პირანდელოსა თუ სხვა დიდი მწერლების ნაწარმოებები, „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილი გამოცემები, აკაკი წერეთლის საიუბილეო შვიდტომეული, ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო კრებული და სხვა – სულ 200-ზე მეტი გამოცემა, რომელთა დიზაინი, შრიფტი თუ წიგნის გაფორმების ელემენტები ბევრისთვის ნაცნობი და ძვირფასია, მხატვარ-გრაფიკოსის, საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ლადო გრიგოლიას მიერ არის შექმნილი.
ლადო გრიგოლია არის ქართული წიგნის გრაფიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ხელოვანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ამ საქმეს მიუძღვნა.