უკრაინის საგარეო უწყება: ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი მიუღებელია

უკრაინა რუსეთისთვის თავისი ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მის შესაძლო მიღებაზე მოლაპარაკებებს მიუღებლად მიიჩნევს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელში წერს.

„მოლაპარაკებები უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ აბსოლუტურად მიუღებელია.

ყოველთვის ითვლებოდა, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, არ ვაჭრობს ტერიტორიებით.

ნატოს ოფიციალური პირების გააზრებული თუ გაუაზრებელი მონაწილეობა იმ ნარატივის ფორმირებაში, რაც უკრაინის მიერ თავის ტერიტორიებზე უარის თქმას გულისხმობს, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. პირიქით, ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინტერესებში შედის უკრაინის გამარჯვების დაჩქარებისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობის მოპოვების გზების განხილვა“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა.

ნიკოლენკომ დასძინა, რომ უკრაინელი დიპლომატები გააგრძელებენ ნაყოფიერ თანამშრომლობას ნატოს სამდივნოსთან საკუთარი მიზნების მისაღწევად.

მანამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის შტაბის უფროსმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ნატოს წევრი რუსეთისადმი ტერიტორიული დათმობების შემთხვევაში, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილება კიევის მიერ უნდა იქნეს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები