კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა“ – გამარჯვებული გამოავლინა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა“ გამარჯვებული პროექტი გამოავლინა: ეს არის „თბილისის კარიკატურის მუზეუმი“ (განმახორციელებელი: ა(ა)იპ „ART&SOCIETY“).
პროექტი ითვალისწინებს კარიკატურის მუზეუმის ან მუდმივმოქმედი გამოფენის კონცეფციის შემუშავებას, ექსპოზიციის ციფრული მოდელის შექმნასა და მის პრეზენტაციას.
მიმდინარე წელს კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენდა 35 000 ლარს. კულტურის სამინისტროს ორმა განმცხადებელმა მომართა, დაფინანსდა ერთი პროექტი.
ინფორმაციისთვის: კულტურის სამინისტრომ, საქართველოში კარიკატურის ჟანრის აღორძინებისა და განვითარების მიზნით, 2021 წელს პირველად გამოაცხადა კონკურსი: „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა“. საკონკურსოდ გამოყოფილი იყო 10 000 ლარი, დაფინანსდა ერთი პროექტი და თბილისში გაიმართა ერთი გამოფენა.
2022 წელს კი, სამინისტროს მიერ კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი 50 000 ლარს შეადგენდა, რომლის ფარგლებშიც თბილისის სამ საგამოფენო სივრცეში გაიმართა სამი გამოფენა – ჩვენება.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებში გამოფენებისადმი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და, ზოგადად, კარიკატურის ჟანრის პოპულარიზაციისთვის 2023 წელს სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია მუდმივმოქმედი საგამოფენო სივრცის შექმნა, რომლის კონცეფციასაც შეიმუშავებს გამარჯვებული ორგანიზაცია.