შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ლევილის ქართული ფესტივალის პროგრამაში ცვლილებაა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვის სტიქიური უბედურების გამო, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილ ფესტივალზე 12 და 13 აგვისტოს დაგეგმილი საზეიმო კონცერტები, მათ შორის, ქართული ცეკვის ნაწილში, სრულად გაუქმდა და მათ ნაცვლად, შესრულდება საეკლესიო საგალობლები და სამგლოვიარო მუსიკა.
ლევილის ქართველთა მამულის ინფორმაციით, 12 და 13 აგვისტოს, საქართველოს კამერული გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით, საეკლესიო საგალობლებითა და სამგლოვიარო მუსიკით, პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. ამასთან, 12 აგვისტოს, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „მატარებელი“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე). 13 აგვისტოს კი, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს „ფიროსმანი“ (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი).
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 29 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათ-კვირას, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ხელოვნებისა და კულტურისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება, რომელსაც ყველა მსურველი უფასოდ ესწრება. XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამული პირველად მასპინძლობს ამ მასშტაბის კულტურულ ღონისძიებათა ციკლს. თუმცა, ფესტივალის პროგრამა არაერთხელ შეიცვალა 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო. 5 და 6 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტები გაუქმდა და გაუქმებული საკონცერტო პროგრამის ნაცვლად, ანსამბლმა „ბასიანმა“ და ქუთაისის კამერულმა გუნდმა საეკლესიო საგალობლებითა და სამგლოვიარო მუსიკით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები