დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო
მინსკში უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტის დარეგულირების სპეციალური ჯგუფის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის დაწყებამდე რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ, მოლაპარაკებების შედეგები კონკრეტული დოკუმენტების ხელმოწერა იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჯგუფის მუშაობაში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ზახარჩენკო, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. ხელმძღვანელი იგორ პლოტნიცკი, კიევში რუსეთის ფედერაციის ელჩი მიხეილ ზურაბოვი და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარის ოფიციალური წარმომადგენელი უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების საკითხებში ხაიდი ტალიავინი იღებენ მონაწილეობას.
შეხვედრის დაწყებამდე მიხეილ ზურაბოვმა განაცხადა, რომ დოკუმენტები ხელმოწერილი იქნება.
ლეონიდ კუჩმამ კი განაცხადა, რომ ისინი მშვიდობისთვის ჩამოვიდნენ. მან აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზადაა.
„თუ დანარჩენებიც ასე არიან განწყობილნი, გეგმა აუცილებლად ხელმოწერილი უნდა იყოს“, – განაცხადა კუჩმამ.