თემურ მღებრიშვილი: მდინარე რიონში აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, მიმდინარეობს მათი ამოღება კალაპოტიდან
მდინარე რიონში აღმოჩენილია შინაური ცხოველების ლეშები, მიმდინარეობს მათი ამოღება კალაპოტიდან, უტილიზაცია იქნება თუ დამარხვა, ამას მუნიციპალიტეტი მიაქცევს ყურადღებას,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მდინარეში სამძებრო სამუშაოებში ნავებია ჩართული.
„ძალიან ჩქარი დინებაა. არის ადგილები, კონკრეტული ლოკაციები, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ფეხით გადაადგილება მდინარის კალაპოტში, ამიტომ დადგა დღის წესრიგში ნავების ჩართულობა. ნავების საშუალებით მივდივართ ე.წ. კუნძულებზე და მდინარის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ფეხით მიუდგომელია“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.