მაუის კუნძულზე ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე 36 ადამიანია დაღუპული.
ამის შესახებ CNN-ი მაუის ოლქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნულია, რომ ცხედრები დასახლებულ პუნქტ ლაჰაინაშია ნაპოვნი.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ კუნძულიდან 11 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
ამავდროულად, მედია წერს, რომ მაუიდან გამოფრენილი ზოგიერთი რეისი, თითქმის ცარიელი იყო, რადგან ადამიანებმა ჩაკეტილი ავტომაგისტრალების გამო, აეროპორტამდე მისვლა ვერ შეძლეს.
მაუის ოლქმა აეროპორტამდე ხალხის მისაყვანად ავტობუსების მობილიზება მოახდინა, რითაც 400-ზე მეტი მოქალაქის ტრანსპორტირება მოხერხდა.
ასევე, ცნობილია, რომ შექმნილ ვითარებაში ევაკუაციაში ავიაკომპანიები აქტიურად ჩაერთნენ, დაფრინავენ დიდი ტევადობის თვითმფრინავებით, ასევე კომპანიებმა ბილეთებზე ტარიფები დაწიეს.
კაჰულუის აეროპორტში ამჟამად გამოფრენას 600 ადამიანი ელოდება.