„დასკვნაში ცალსახად ჩანს, რომ ეს იყო მყისიერი პროცესი და ამის წინასწარ გათვლა იქნებოდა თითქმის შეუძლებელი“ – სოფო ახობაძე
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი სოფო ახობაძე Newshub-თან საუბარში შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ დასკვნას აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული დოკუმენტი ეჭვის საფუძველს არ ტოვებს.
„ჩვენ ძალიან დეტალურად გავეცანით დასკვნას. ნამდვილად ცალსახაა, რომ ეს იყო მყისიერი პროცესი და ამის წინასწარ გათვლა იქნებოდა თითქმის შეუძლებელი. რა კომპეტენცია და გამოცდილებაც გვაქვს, ამ დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველს არ ტოვებს ნამდვილად, თუმცა, შესაძლებელია, რომ საერთაშორისო ექსპერტებიც ჩავრთოთ და მათი აზრიც მოვისმინოთ ამ დასკვნასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ რაც წავიკითხეთ და რაც ვნახეთ, აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ეს მყისიერი პროცესი იყო – ეს იყო რამდენიმე პროცესის ერთობლიობა და თან სულ რამდენიმე წუთის ინტერვალში“, – აცხადებს სოფო ახობაძე.
მან, ასევე, ისაუბრა, რა სიტუაცია იყო და რა ნაბიჯები გადაიდგა ქვეყანაში ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვის კუთხით.
როგორც სოფო ახობაძე აღნიშნავს, 2014 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ კლიმატის მწვანე ფონდს მიმართა, რის შემდეგაც, საქართველოში ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა დაიწყო, თუმცა, როგორც სოფო ახობაძე აღნიშნავს, ეს პროცესი დროს მოითხოვს.
„განვითარებულ ქვეყნებში შეტყობინების სისტემა არსებობს ადგილობრივ დონეზე, რეგიონულ დონეზე და ეროვნულ დონეზე. იმისთვის, რომ შეტყობინების სისტემა აეწყოს, რა თქმა უნდა, საჭიროა ცოდნა, ამას სჭირდება ძალიან დიდი ფინანსური რესურსი და განვითარებული ტექნოლოგიური, რაც ქვეყანაში დღესაც არ არის აწყობილი, მაგრამ წარმოიდგინეთ, არაფერი არ გვქონდა საერთოდ და ამიტომ, 2014 წელს ქვეყანამ მიმართა კლიმატის მწვანე ფონდს, რომელმაც გამოყო 30 მილიონი დოლარი სწორედ იმისთვის, რომ მოწყობილიყო ადრეული შეტყობინების სისტემა და ეს დაიწყო, მაგრამ ეს ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ამას სჭირდება წლები.
80-იდან 200-მდე გაიზარდა სადამკვირვებლო სადგურების რაოდენობა და ახლა მიმდინარეობს ზუსტად ამ მოდელირების, შეტყობინების სისტემის გამართვა, რაც მოიცავს ტექნოლოგიების დანერგვას, კადრების გადამზადებას – ეს არ არის ერთ დღეში გასაკეთებელი, ამას სჭირდება წლები და სწორედ ეს საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილება, რომელიც ნამდვილად არის მობილიზებული ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2014 წლიდან დაიწყო და რომელიც ემსახურება ქვეყანაში ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემის შექმნას. თუმცა, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი პრაქტიკული და ხელშესახები შედეგი, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები დონორები არიან – შესყიდვები მაინც დროში იწელება და გადაწყვეტილების მიღებაც უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე გადაუდებელი აუცილებლობის დროს არის ხოლმე საჭირო. ამ ნაწილში გვაქვს პრობლემა, რომ უფრო სწრაფად უნდა მოხდეს სამომავლოდ ამ ნაბიჯების გათვლა და გადადგმა“, – აცხადებს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი.
სოფო ახობაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებს ხშირ შემთხვევაში წნეხის ქვეშ უწევთ მუშაობა და საზოგადოებაში მათი კომპეტენციის შეფასებისას, უფრო მოზომილი კომენტარები უნდა კეთდებოდეს.
„ჩემი აზრით, დღეისთვის გარემოს ეროვნული სააგენტო არის ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ და მინდა ყველამ იცოდეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც იგივე რისკების შეფასების ნაწილში მონაწილეობენ, არიან ძალიან კომპეტენტური და ისეთივე გმირები, როგორც ის ადამიანები, რომლებიც რეაგირების ნაწილში არიან ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დარგი, რასაც ჰქვია გეოლოგია, იყოს ღირსეული და გეოლოგი ყველა კატასტროფის დროს ტალახის სროლის ობიექტი არ უნდა იყოს. ასე იმ ადამიანებსაც დავკარგავთ, ვინც გვყავს. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერს აკეთებენ და ხშირად რისკავენ ხოლმე სიცოცხლეს კატასტროფების რისკების შეფასების პროცესში. ვფიქრობ, რომ ცოტა მეტი სიფრთხილე გვმართებს, როცა ამ ადამიანების კომპეტენციას ვაფასებთ და ყველანაირ მოტივაციას ვუკლავთ“, – ამბობს სოფო ახობაძე.
ინფორმაციისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ პირველადი მონაცემების თანახმად 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული, კომპლექსური ხასიათის სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული.
დასკვნის თანახმად, მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, 2023 წლის 3 აგვისტოს, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა სტიქიური გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების (მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის გავლა) თანხვედრას, რამაც გამოიწვია ექსტრემალური ხასიათის ღვარცოფული ნაკადის ფორმირება.
3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
ბოლო მონაცემებით[07.09/11:25] მაშველების მიერ 18 ცხედარია ნაპოვნი.
7 აგვისტოს, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში გლოვის დღეა.
წყარო: newshub.ge