გეოლოგი არჩილ მაღალაშვილი შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ პირველად დოკუმენტს აფასებს. როგორც ის “კვირასთან” ინტერვიუში განმარტავს, დოკუმენტში ბევრი ფაქტორია გაანალიზებული და დამაჯერებელი დასკვნაა.
– გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვში განვითარებული სტიქიის შესახებ პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა, თუ გაეცანით ამ მონაცემებს, როგორია თქვენი, როგორც გეოლოგის შეფასება?
– დიახ, გავეცანი პირველად დასკვნას, ძალიან საინტერესო და მე ვიტყოდი სერიოზული დოკუმენტია. გაანალიზებულია ძალიან ბევრი სხვადასხვა მონაცემი. გათვალისწინებულია ჰიდროლოგიური მეტეოროლოგიური და სხვა ფაქტორები. ძალიან დამაჯერებელი დასკვნაა. აქ სიახლე არის 2 ფაქტორი, კლდეზვავის ფაქტორი, რომელსაც აქამდე არ განვიხილავდით და ძალიან ლოგიკურია. მე ვიცი, რომ აღმოჩენილია ის ადგილი სადაც ეს კლდეზვავი არის მოწყვეტილი და ერთი ტბის არსებობა რომელიც მყინვარის ქვეშ, წინა ნაწილში, როგორც წესი ასეთი რამ ხდება ხოლმე, გროვდება წყალი მყინვარის ქვეშ. გამოქვეყნებულ ფოტოებზე არ ჩანს ტბის არსებობა, შესაბამისად იყო მყინვარის ქვეშ.
დოკუმენტში წერია, კიდეც რომ ეს არის წინასწარი დასკვნა, ვფიქრობ რაღაც ფაქტორები, მათ შორის ტექნიკური კიდევ დაიხვეწება. არსებობს რამდენიმე კითხვა თუმცა ეს არ შეცვლის დასკვნის შინაარსს.
შეიძლება ითქვას, რომ იმდენი ფაქტორების კომბინაცია მოხდა, რომ ამდაგვარი განვითარების წინასწარმეტყველება რა თქმა უნდა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.
– ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს თვითმხილველებმა დააფიქსირეს მდინარის წყლის დონის ცვლილება და ამის გამო შესაძლებელი იყო წინასწარ სტიქიის პროგნოზირება.
– წყლის დონის უეცარი ცვლილება, კლება რომ დაფიქსირებულიყო, ეს მოასწავებდა რომ სადღაც ზემოთ ხდება წყლის დაგროვება, ანუ ხდება ჩახერგვა, რაც კატასტროფულ შედეგებამდე მივიდოდა, გამოქვეყნებულ გრაფიკებზე არ ჩანს, რომ ასე იყო.
– არსებული ინფორმაციით, მწვერვალიდან მასა ძალიან დიდი სიჩქარით, დაახლოებით 10 წუთში ჩამოვიდა ხეობაში. რამდენად შესაძლებელია მსგავსი მასის ასეთი დიდი სიჩქარით ჩამოწოლა?
– ბუბას ხეობა არის ძალიან ციცაბო, ძალიან სწრაფად აკრიფა სიჩქარე წამოსულმა დიდმა მასამ. თვითმხილველები ჰყვებიან რომ ძალიან დიდი სიცივის “მოვარდნა ” იგრძნეს, უცებ აცივდაო, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს მასა აწვებოდა ჰაერს. წამოსული მასა პრაქტიკულად რამდენიმე წუთში ჩამოიტანა. ძალიან სწრაფად მოძრაობდა.
– გარემოს ეროვნულ სააგენტოს მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეშიც, დამონტაჟებული აქვს მონიტორინგის სისტემები, რამდენად ეფექტურია ეს მოწყობილობები, ამ სისტემების მეშვეობით, შესაძლებელი იყო წინასწარ განსაზღვრა სტიქიის?
– ზოგ შემთხვევაში ეფექტურია, ზოგში არა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ, რომ მოწყობილობა რომელიც წყლის დონის ცვლილებაზე რეაგირებს, არ მოგვცა შედეგი, რადგან ბევრი ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს. კლდეზვავი იყო, ცალკე წვიმა, გეოლოგიური ფაქტორები და ა.შ. ამიტომ სხვანაირად უნდა დავიწყოთ მოქმედება.
ამ თემას ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ. მთელ მსოფლიოში არის მსგავსი საფრთხეები. ამიტომ პროგნოზებზე რომელიც არსებობს და მოდელებზე რომელიც არის შემუშავებული კიდევ უფრო დეტალურად უნდა იყოს შესწავლილი. რეაგირებაა საჭირო. კი დადგეს მდინარეებზე შეტყობინების სისტემები, მაგრამ მე ვფიქრობ, არ არის საკმარისი და კიდევ უფრო ინტენსიური მუშაობაა საჭირო. ხომ ხედავთ, რომ ისეთი მოვლენებია რომლის წინასწარ განსაზღვრა პრაქტიკულად შეუძლებელია. სხვანაირი სტრატეგია უნდა ავირჩიოთ ქვეყანამ კატასტროფების მართვის მიმართულებით.